როგორ გავაქართულოთ თამაში: ნაწ.1


მოგესალმები, მკითხველო.

დღეს დამიკავშირდა ფორუმ.ჯი-ს ერთ-ერთი წევრი და გამოიჩინა ინტერესი თამაშების გაქართულებაში. მე კი კარგი ხანია გასული ვარ თამაშების გაქართულების სცენიდან და არ ვიცი რა სიახლეებია, მაგრამ დაკვალიანება შემიძლია 🙂

gakartuleba

რა დასამალია და წინა წლებშიც ხშირად ვაწყდებოდი კითხვას “როგორ გავაქართულოთ თამაში?”, თუმცა ყოველთვის ან არ მეცალა, ან მეზარებოდა პასუხის გაცემა. როგორც იქნა, გადავწყვიტე დავწერო პატარა გზამკვლევი, რომელიც დაეხმარება ნებისმიერ დაინტერესებულს, სასურველი თამაშის თარგმნაში.

აქ წარმოდგენილი მცნებები და/ან სტრუქტურები შეიძლება არ შეესაბამებოდეს ობიექტურ სინამდვილეს, ვინაიდან აქ გამოხატულია ჩემი პირადი შეხედულებები.

შესავალი

თამაშების შექმნა, ისე როგორც ნებისმიერი პროგრამის, არის საკმაოდ რთული საქმე. მას აქვს აგებულება, რომელიც იყოფა ორ ნაწილად:

  1. გარე მხარე – მომხმარებლისთვის ხილვადი ნაწილი და
  2. შიგა მხარე – ე.წ. “ბექ-ენდი”, ანუ შიგა სამზარეულო.

ამის გააზრება მნიშვნელოვანია: ბევრ პროგრამას ან თამაშს შეიძლება ჰქონდეს მსგავსი გაფორმება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ შინაგანად მსგავსად არიან მოწყობილი. როგორც წესი, ყველა ადამიანს და შემმუშავებელთა ჯგუფს აქვს უნიკალური, ინდივიდუალური მიდგომა იმისთვის, თუ როგორ ქმნიან პროდუქტს.

ამის და გამოცდილების საფუძველზე შემიძლია დავამსხვრიო მითი და ვუპასუხო ერთ-ერთ ყველაზე ხშირად დასმულ კითხვას: “რა პროგრამით ითარგმნება თამაშები?

როცა ორი თამაში დაწერილია ერთსა და იგივე ძრავის საფუზველზე, შეიძლება გამოყენებული იყოს ერთი საერთო ხელსაწყო მათი ფაილების დასამუსავებლად (მაგ. Half-Life 2, Portal და CS:Source). სხვა დანარჩენ შემთხვევაში:

არ არსებობს რაიმე უნივერსალური ხელსაწყო, რომლითაც შესაძლებელი იქნება ითარგმნოს ნებისმიერი თამაში, ვინაიდან ყველა მათგანი უნიკალურია.

რა უნდა ვიცოდეთ

უნიკალურობის სირთულის მიუხედავად, არსებობს აგების რაღაც ზოგადი პრინციპები, რომელიც ახასიათებს ყველა თამაშს. უხეშად რომ ვთქვათ, თამაშების უმეტესობას აქვს შემდეგი ფაილები:

  1. შესრულებადი (გამშვები) ფაილი – უშვებს თამაშს, უზრუნველყოფს ფაილების ჩატვირთვას, სცენის ხატვას, ანიმაციების მიბმას სამგანზომილებიან მოდელზე და ა.შ. მოკლედ რომ ვთქვათ: ეს არის თვითონ თამაში;
  2. სკრიპტები/თამაშის წესები – თამაშში განსაზღვრული ქმედებები, მოქცევის წესები, არა-თამაშებადი მოქმედი პირები, და უამრავი სხვა.
  3. გეომეტრიული ობიექტები – სამგანზომილებიანი ან ორგანზომილებიანი ობიექტები (გააჩნია თამაშს);
  4. გრაფიკული ტექსტურები/სპრაიტები – სამგანზომილებიან ობიექტებზე დადებული (“გადაჭიმული”) გამოსახულებები, რომელიც ახასიათებენ საგნის ფერს, არეკვლადობას, გამჭვირვალობას, ხორკლიანობას და ა.შ. ორგანზომილებიანი თამაშებისთვის ტექსტურები მოიცავენ არა მხოლოდ ობიექტებს, არამედ ანიმაციებსაც (ფაილში ჩახატულია კადრები);
  5. ანიმაცია სამგანზომილებიანი ობიექტებისთვის – ფაილები, რომლებიც განსაზღვრავენ ანიმაციას 3D-საგნებისთვის;
  6. ხმოვანი ფაილები – ფონური მუსიკა, გმირების გახმოვანება, ობიექტების ხმოვანი ეფექტები (მაგ. კარის გაღება, ტოფის გასროლა, სახეში გარტყმა და ა.შ.)
  7. ვიდეო ფაილები – თამაშში ჩასმული ვიდეორგოლების ფაილები;
  8. ტექსტური ფაილები – ტექსტის შემცველი ობიექტებისთვის განკუთვნილი ტექსტები: თამაშის მენიუ, სუბტიტრები, წიგნები/ჩანაწერები.
  9. შრიფტები – თამაშში გამოსახული ტექსტის გაფორმება. შრიფტები ხშირად წარმოდგენილი ორგანზომილებიანი, რასტრული ტექსტურისა ან ვექტორული ფაილის სახით.
  10. “ლოკაციების” აღმწერი ფაილები – აღწერილია თამაშში შექმნილი ადგილები – ტურები (level, location).

ეს არის საკმაოდ არასრული, მაგრამ საკმარისად მიახლოებული თამაშის ფაილების აღწერა.

აქედან შეიძლება რომელიმე ფაილები ჩაშენებული იყოს გამშვებ ფაილში, მაგ. (ხშირად) მენიუს ტექსტები.

თუ გვსურს ვთარგმნოთ თამაში, პირველი ნაბიჯი იქნება თამაშის ფაილებში ჩახედვა და დადგენა იმისა, თუ სად რა დევს.

ამჟამად, სულ ესაა. დაწვრილებით ახსნას დავიწყებ შემდეგ ჩანაწერებში. დროებით!

8 thoughts on “როგორ გავაქართულოთ თამაში: ნაწ.1”

  1. კარგი პოსტია 🙂 ისე თუ დროპბოქს-ზე ატვირთავ ზემოთმოცემულ პროგრამებს უკეთესი იქნება 🙂

    Like

    1. მადლობა, სპონტანურად დავწერე 🙂
      კერძოდ რა პროგრამებს გულისხმობ?

      Like

      1. პოსტში რომ გიწერია :)) თუ მოგეპოვება კომპიუტერში საინსტალაციო ატვირთე დროპბოქს-ზე გამიხარდება :))

        Like

          1. ამათ აწი უფრო დეტალურად განვიხილავ… თუმცა იმის მერე რაც მე ბოლოს რამე გავაკეთე, წლები გავიდა. ეგებ ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვალა, ვნახოთ 🙂

            Like

    1. არ არსებობს რაიმე პროგრამები, რომლებითაც ითარგმნება თამაშები. ძირითადად სახატავი პროგრამა და ტექსტური რედაქტორი გჭირდება.

      Like

Leave a comment