როგორ გავაქართულოთ თამაში: ნაწ.2


მოგესალმები, მკითხველო.

ვაგრძელებ ახსნას იმისა, თუ როგორ ხდება თამაშების თარგმნა. ამჯერად მაგალითზე!

gakartuleba

ავიღებთ თამაშს სახელით World Of Goo, ქართულად – ლორწოს სამყარო, რომელიც ჩემს მეგობრებთან ერთად ვთარგმნეთ 2009 წელს. თამაშის შემქმნელებმა გადაწყვიტეს ყველაფერი მარტივად გაეკეთებინათ და (თითქმის) არანაირი დაცვა არ დაადეს თამაშის რესურსებს. ჩვენთვის უკეთესი! 🙂

ამ ნაწილში განვიხილავთ თამაშის ზოგად სტრუქტურას და ტექსტებს.

goo_1

აქ წარმოდგენილი მცნებები და/ან სტრუქტურები შეიძლება არ შეესაბამებოდეს ობიექტურ სინამდვილეს, ვინაიდან აქ გამოხატულია ჩემი პირადი შეხედულებები. შესაძლოა ადგილ-ადგილ დაულაგებელი აზრებიც შეგხვდეთ. 😉

თამაშის საქაღალდე

ლორწოს სამყაროს საქაღალდე, ჩემს კომპიუტერში შემდეგნაირად გამოიყურება:

goo_2

საქმე ძალზედ მარტივია. ძირეულ საქაღალდეში დევს გამშვები და მის მიერ გამოყენებული დინამიური ბიბლიოთეკები (*.dll), ბმული მათ საიტზე, წამშლელი შესრულებადი ფაილი (uninstall) და readme ფაილი. ასევე, აქ მოტავსებულია ორი საქაღალდე: “properties” და “res”, ანუ “თვისებები” და “რესურსები”. ახლა კი უფრო დაწვრილებით განვიხილოთ თითოეული მათგანი.

თამაშის ტექსტები

თუ ჩავიხედებით საქაღალდეში “Properties”, ვიპოვით შემდეგ ფაილებს:

goo_3აქ მდებარე ფაილები:

  • config.txt – შეიცავს თამაშის მომართვის პარამეტრებს
  • fx.xml.bin – ვიდეო ეფექტების ბიბლიოთეკა, bin-ში გადაყვანილი xml ფაილი
  • materials.xml.bin – მატერიალების ბიბლიოთეკა, bin-ში გადაყვანილი xml ფაილი
  • resources.xml.bin – სხვადასხვა რესურსების ბიბლიოთეკა, bin-ში გადაყვანილი xml ფაილი
  • text.xml.bin – თამაშში გამოყენებული ტექსტებისა და წარწერების ბიბლიოთეკა, bin-ში გადაყვანილი xml ფაილი

ცნობისთვის: იმისათვის, რომ მივხვდეთ ფაილში ან საქაღალდეში რა დევს, უმეტეს შემთხვევაში, საკმარისია წავიკითხოთ მათი სახელი და ვთარგმნოთ ის ქართულად. ეს არის თამაშის ფაილებში “ძრომიალის” ძირითადი წესი.

ამათ შორის ჩვენთვის მნიშვნელოვანია ტექსტები (duh!). უბრალო xml ფაილი რომ ყოფილიყო, პირდაპირ Notepad++-ით გავხსნიდით და შევცვლიდით, მაგრამ საქმე ასე არ არის. xml ფაილს მიცემული აქვს bin ფაილის სახე. ამიტომ დაგვჭირდება სპეცალური გადამვყვანი პროგრამა (ე.წ. “კონვერტორი”).

ცნობისთვის: *.bin, *.dat, *.pak, *.bak გაფართოების ფაილები არ არის რაიმე კონკრეტული ფორმატის ფაილები.შესაძლოა სხვადასხვა პროგრამისტმა სხვადასხვანაირად ჩაწეროს ისინი, ამიტომაც არ არსებობს რაიმე უნივერსალური გადამყვანი.


ასევე: *.bin ნიშნავს binary, *.dat ნიშნავს data, *.pak ნიშნავს pack, *.bak ნიშნავს backup

კონკრეტულად, World of Goo-ს გადამყვანი პროგრამა არის Goo Tool (სხვა ბევრი ფუნქციებიც აქვს, მაგრამ ამჟამად მხოლოდ *.bin ფაილების გადაყვანაზე ვისაუბრებთ). ის შეგიძლიათ გადმოწეროთ ამ გვერდიდან, ან ჩემი სარკიდან. პლატფორმები: Linux, Windows, MacOSX.

გაშვებული Goo Tool გამოიყურება შემდეგნაირად:

goo_5ბინარული ფაილების გადაყვანა xml-ში ხდება მენიუდან Advanced->Decrypt. შედეგად ვიღებთ ტექსტურ xml ფაილებს. ჩვენთვის საინტერესო არის text.xml:

goo_6ამ თამაშში ყველაფერი საკმარისად მარტივად ხდება: საკმარისია ტექსტში ჩაამატო ნათარგმნი სტრიქონები შემდეგი სახით ka=”ლორწოვანი ნათარგმნი სტრიქონი!!”.

თამაშის მუშაობის ლოგიკა:

  1. ვნახოთ რა ენა არის მითითებული მომართვის ფაილში config.txt. მაგალითად ka (ანუ ქართული)
  2. დავიწყეთ სურათის გამოსახვა ეკრანზე
  3. ჩავტვირთეთ ტექსტურები, ვიდეო ეფეკტები, ანიმაციები, შრიფტები და ა.შ.
  4. საჭიროა წარწერის გამოსახვა. ვიპოვეთ საჭირო წარწერის იდენტიფიკატორის (ID) -ს შესაბამისი ტექსტის მოძებმა ტექსტების მონაცემთა ბაზაში (ამ შემთხვევაში text.xml)
  5. ვიპოვეთ შესაბამისი ID-ს წარწერა. ახლა დავადგინოთ რა ენისთვის გვჭირდეა ის? ka? კარგი. თუ ნაპოვნია, ჩავტვირთოთ ის, თუ არა – ნაგულისხმები ვარიანტი (ანუ ტექსტი, რომლის კოდი არის text=””)
  6. ვიპოვეთ ტექსტი, მოვამზადეთ შრიფტი, გამოვსახეთ.

ცნობისთვის: როგორც წესი, თუ არ არსებობს რაიმე რესურსი (ენის სტრიქონი, ტექსტურა, ხმოვანი ფაილი და ა.შ.), ყოველთვის არსებობს რაღაც ნაგულისხმები რესურსი, რომელიც გამოიყენება დაკარგულის ნაცვლად. შეიძლება ასევე, ასეთი რესურსი ცნობილია როგორც default ან fallback ან placeholder ან რამე მსგავსი.

ტექსტური ფაილები შეიძლება იყოს სხვადასხვა კოდირების (encoding). უხეშად რომ ვთქვათ, ფაილის კოდირება ნიშნავს, რომ თითოეულ სიმბოლოს გააჩნია შესაბამისი ბინარული კოდი. უფრო მეტი წაიკითხეთ აქ. დღესდღეისობით, ქართულის მხარდჭერა ძირთადად აქვთ unicode, utf-8 და utf-16 კოდირებებს.

თუ პროგრამას არ აქვს მისი მხარდაჭერა, მაშინ ქართულის ჩამატება შედარებით რთულია. ამის შესახებ უფრო დაწვრილებით მომდევნო ჩანაწერბში ვისაუბრებ 😉

– – –

დავალება: საჭირო ფაილების გახსნა. გადმოწერეთ თამაში და იპოვეთ მასში ტექსტებისა, ხმებისა და  შრიფტების ფაილები. შემდგომ სცადეთ მათი გახსნა რაიმე ცნობილი პროგრამით. თუ არ გაიხსნა, მოიძიეთ გადამყვანი პროგრამები საძიებო სისტემის საშუალებით.

შესაძლო კანდიდატები: GTA Vice City, Luxor 3, Magic Ball 3, Minecraft.

დღეისთბის, სულ ესაა. დროებით!

2 thoughts on “როგორ გავაქართულოთ თამაში: ნაწ.2”

Leave a comment