არდუინოს დაპროგრამება – შემუშავების გარემო Arduino IDE


arduino-logoარდუინოსთვის დაწერილ პროექტს ეწოდება ჩანახატი (sketch). რამოდენიმე ჩანახატი შეიძლება ინახებოდეს ერთ საქაღალდეში, რომელსაც ეწოდება ალბომი (sketchbook).

ჩანახატის დაწერა და მიკროკონტროლერისთვის (მკკ) მიწოდება ხდება სამუშაო გარემოს (IDE) მეშვეობით.

სამუშაო გარემოს ფანჯარა შესდგება რამოდენიმე არესაგან:

  1. კოდის შეყვანის არე (სადაც ხდება მითითებების, კოდის ჩაწერა)
  2. შეტყობინებების არე (სადაც ვიგებთ გარემოს მდგომარეობას)
  3. ტექსტური კონსოლი (სადაც ხდება პროექტის აწყობა და დაფაზე პროგრამის ატვირთვა)
  4. ხელსაწყოთა ზოლი (ხშირად გამოყენებული ფუნქციებით)
  5. პროგრამული მენიუები
არდუინო გარემოს გარსი
არდუინო გარემოს გარსი

გარემოს გარსი დაწვრილებით

IDE-ს გარსი (იგივე ინტერფეისი) მოიცავს ხელსაწყოთა ზოლს (toolbar). ძირითადად, მათი გამოყენებით ხდება ჩანახატის გახსნა, სისწორის შემოწმება, აწყობა,  დაფაზე ატვირთვა, სერიული მეთვალყურის გაშვება.

Verify  (შემოწმება)
კოდის სისწორის შემოწმება
Upload (ატვირთვა)
კოდის აწყობა და არდუინოს მკკ-ზე ატვირთვა. შესაძლებელია როგორც არდუნოს დაფაზე ჩაშენებული დამპროგრამებლის (programmer), ისე გარე დამპროგრამებლის გამოყენება.
New (ახალი)
ახალი ჩანახატის შექმნა.
Open (გახსნა)
გამოაქვს მიმდინარე ალბომში მყოფი ჩანახატების ჩამონათვალს. სასურველ ჩანახატზე დაწკაპვის შედეგად, ის გაიხსნება მიმდინარე ფანჯარაში.
Save (შენახვა)
ჩანახატის შენახვა.
Serial Monitor (სერიული მეთვალყურე)
ხსნის სერიული მეთვალყურის ფაჯარას. მის მეშვეობით შესაძლებელია დაფაზე მონაცემის გაგზავნა ან მოსულის წაკითხვა. მონაცემის მიმოსვლა ხდება სერიული პორტის მეშვეობით (Serial Port)

დამატებითი შესაძლებლობები მოიძებნება ფანჯრის მენიუებში: File, Edit, Sketch, Tools, Help.

Edit – ჩასწორება

  • Copy for Forum – ასლი ფორუმისთვის
    ქმნის კოდის ასლს, რომელიც მორგებულია ინტერნეტ-ფორუმში ჩაწერისთვის და ინარჩუნებს შეფერადებას.
  • Copy as HTML – ასლი HTML-ის სახით
    ქმნის ჩანახატის ასლს, რომელსაც აქვს HTML სახე და მზადაა ვებგვერდში ჩასასმელად.

Sketch – ჩანახატი

  • Verify/Compile – შემოწმება/დაკომპილება
    ჩანახატის დაკომპილება და შეცდომებზე შემოწმება
  • Show Sketch Folder – ჩანახატის საქაღალდის გახსნა
    გახსნის მიმდინარე ჩანახატის საქაღალდეს
  • Add File… – ფაილის დამატება
    კოდის შემცველი ფაილის ჩანახატში ჩამატება (მისი ასლი იქნება გადატანილი ჩანახატის საქაღალდეში). ახალი ფაილი გამოჩნდება როგორც დამატებითი დაფა (ტაბი, tab) პროექტის ფანჯარაში. ფაილის ამოშლა შესაძლებელია დაფის მენიუში.
  • Import Library – ბიბლიოთეკის შემოტანა
    ჩანახატში შემოაქვს ბიბლიოთეკა  #include განცხადების კოდის თავში ჩაწერით.  დაწვრილებითი ინფორმაციისთვის, იხილეთ ოფიციალური მასალები.

Tools – ხელსაწყოები

  • Auto Format – ავტომატური დაფორმატება
    კოდის შელამაზება: ფიგურული ფრჩხილების ერთ მანძილზე გაწევა, სტრიქონების თანაბარი დაშორება და ა.შ..
  • Archive Sketch  – ჩანახატის არქივის შექმნა
    მიმდინარე ჩანხატისაგან .zip ფაილის დამზადება და იგივე საქაღალდეში ჩასმა.
  • Board – დაფა
    მიმდინარე დაფის არჩევა. დაფების სრული სია იხილეთ ოფიციალურ ვებგვერდზე.
  • Serial Port  – სერიული პორტი
    მენიუში არის ჩამოთვლილი ყველა ფიზიკური თუ ვირტუალური სერიული მოწყობილობა, რომელიც მოიძებნება თქვენს კომპიუტერზე. ჩამონათვალი ახლდება მენიუს ყოველი გახსნისას.
  • Programmer  – დამპროგრამებელი
    შესაძლოა გამოიყენოთ დაფაზე ჩადგმული დამპროგრამებელი,  ან რაიმე სხვა გარე მოწყობილობა. ჩვეულებრივ გამოიყენება ჩადგმული დამპროგრამებელი, თუმცა ცარიელ მკკ-ზე ჩამტვირთავის ჩაწერისას (burning a bootloader) შესაძლოა გამოიყენოთ ეს ფუნქცია.
  • Burn Bootloader – ჩამტვირთავის ჩაწერა
    არდუინოს ჩვეულებრივი გამოყენებისას არ გამოგადგებათ. ეს ფუნქცია გამოიყენება როცა საჭიროა ახალ მკკ-ზე არდუინოს ჩამტვირთავის (bootloader) ჩაწერა. აუცილებელია მართებული დაფის არჩევა მენიუდან Board ჩამტვირთავის ჩაწერის დაწყებამდე.

მრავალფაილიანი პროექტი

შესაძლოა ჩანახატი შედგებოდეს რამოდენიმე ფაილისგან: ჩვეულებრივი არდუინო .ino ფაილი, ან C კოდი (.c გაფართოება), C++ ფაილები (.cpp), ან სათავე  (header) ფაილები  (.h).

ბიბლიოთეკები

ბიბლიოთეკები (library) გვაძლევენ საშუალებას გაფართოვოთ პროექტის შესაძლებლობები, მაგ. სხვა მოწყობილობებთან მიმოწერა, მონაცემების დამუშავება და სხვა.

ჩაბახატში ბიბლიოთეკის გამოყენებისთვის, აირჩიეთ ის მენიუდან Sketch > Import Library. ეს ჩასვამს ერთს ან ერთზე მეტს #include ჩანაწერს ჩანახატის თავში. ამის მერე, პროექტის დაკომპილებისას ბიბლიოთეკების კოდი დაემატება პროექტის კოდს, რის გამოც მკკ-ზე გამოყენებული მეხსიერება გაიზრდება.

თუ ბიბლიოთეკა აღარ გესაჭიროებათ, მისი მოშორება ხდება #include ჩანაწერის კოდიდან ამოშლით.

პროგრამის მომართვა

სამუშაო გარემოს მომართვა ძირითადად ხდება მომართვის დიალოგიდან (მენიუში Arduino MacOS-ზე ან File Windows-სა და Linux-ში). უფრო დაწვრილებით მომართვის საშუალებას იძლევა preferences.txt ფაილი, რომლის მდებარეობა მოცემულია მომართვის დიალოგში.

საერთაშორისო ენების მხარდაჭერა

ქართულენოვანი გარსი
ქართულენოვანი გარსი

ნაგულისხმებად, სამუშაო გარემოს გარსი იყენებს სისტემის ენას, თუმცა აქვს 30-ზე მეტი ენის მხარდაჭერა. მათ შორის ქართულიცაა (1.5 ვერსიის შემდეგ). გარსის ენის შეცვლა ხდება მომართვის დიალოგიდან. ენის არჩევისა და ცვლილებების მიღების შემდეგ, საჭიროა ყველა სამუშაო გარემოს პროცესის (ფანჯრის) გათიშვა და ჩართვა.

გარსის ქართული თარგმანი შემუშავების მდგომარეობაშია. თუ გსურთ დაგვეხმაროთ, ეწვიეთ მოცამულ ბმულს. ჩვენ გვესაჭიროება ადამიანები, ვინც დაგვეხმარებიან არსებულის გაუმჯობესებაში და ახალი სტრიქონების თარგმნაში. უღრმესი მადლობა მხარდაჭერისთვის!

– – –

ეს ჩანაწერი დაფუძნებულია ოფიციალურ სტატიაზე.

Leave a comment